პროგრამირების მარტივად ათვისებაში დაგვეხმარება რობოტი კარელი - ყველაზე მაგარი რობოტი მსოფლიოში. კარელი გამრჯე რობოტია იცის ცოტა ინგლისური და კომპიუტერი. მიუხედავად მწირი ცოდნისა, ძალიან, ძალიან ბევრი რამის გაკეთებაში დაგვეხმარება, აი ნახავ.
კარელი მარტივ სამყაროში ცხოვრობს. მისი სამყარო მართხკუთხა ფორმისაა, აქვს ქუჩები და გამზირები. ქუჩები განლაგებულია ჰორიზონტალურად - დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, გამზირები კი ვერტიკალურად სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. კარელის შეიძლება იყოს ნებისმიერი ქუჩისა და გამზირის გადაკვეთაზე და იყურებოდეს ნებისმიერი მიმართულებით (აღმოსავლეთი, სამხრეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი). სამყაროს მაგალითი შეგიძლია ქვევით იხილო. ამ მაგალითზე კარელი იმყოფება მეორე ქუჩის მესამე გამზირზე.
როგორც ხედავ, სამყაროში, კარელის გარდა, სხვა რაღაცეებიც არის. კარელის წინ არსებული ობიექტი არის ბრილიანტი. კარელს ხელები არ აქვს, ამიტომ ბრილიანტის აღმოჩენა შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ ის იგივე ქუჩაზე და გამზირზეა, რომელზეც ბრილიანტია. სამყაროში გვაქვს კედლებიც. კედელი კარელისთვის ბარიერს წარმოადგენს, რადგან მას არ შეუძლია კედელში გავლა, შესაბამისად, მას უნდა შემოუაროს. კარელს ასევე აქვს ჩანთა, სადაც ბრილიანტები აქვს ჩალაგებული. ჩანთაში ნებისმიერი რაოდენობის ბრილიანტი შეიძლება იყოს. კარელის სამყარო ყოველთვის კედლებით არის შემოფარგლული, თუმცა, შეიძლება მას სხვადასხვა განზომილება ჰქონდეს, ბრილიანტები შეიძლება სხვადასხვა ადგილებში იდოს, კედლებიც შეიძლება სხვადასხვა ქუჩებზე და გამზირებზე გვქონდეს, იმის მიხედვით, თუ რა პრობლემის გადაჭრას ცდილობს კარელი.
კარელს გარკვეული ბრძანებების შესრულება შეუძლია, ესენია:
- move - ერთი ნაბიჯით წინ გადაადგილება. კარელი ვერ გადაადგილდება თუ მის წინ კედელია.
- turnLeft - მარცხნივ მოხვევა. კარელი მოტრიალდება მარცხნივ 90 გრადუსით.
- pickBeeper - ბრილიანტის აღება. კარელი ვერ აიღებს ბრილიანტს, თუ ბრილიანტი არ დევს იმავე ადგილზე, სადაც თვითონ კარელი იმყოფება.
- putBeeper - ბრილიანტის დადება. კარელი ვერ შეძლებს ბრილიანტის დადებას, თუკი მას ჩანთაში არ აქვს ბრილიანტი.
როგორც ქართულ ენას აქვს გრამატიკა და სინტაქსი ასევეა პროგრამირების ენებიც. გახსნილი და დახურული ფრჩხილები ()
პროგრამირების ენა ჯავას სინტაქსის ელემენტია. მათი დაწერა აუცილებელია თუ გვინდა კარელმა ბრძანება შეასრულოს. პროგრამირების ენაზე ამას მეთოდს უწოდებენ. move()
, turnLeft()
, pickBeeper()
, putBeeper()
უკვე არსებული მეთოდებია, რომელთა შესრულებაც კარელს შეუძლია.